"ცისარტყელა" - ცენტრი მომუშავე 
                                  ბავშვებისათვის ქ. თბილისში

2002 წელს თბილისის ცენტრალური ბაზრის მახლობლად, ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილას მომუშავე ბავშვებისათვის დაარსდა დღის ცენტრი "ცისარტყელა" (UNICEF -ის ფინანსური მხარდაჭერით). მომუშავე ბავშვები ახალი მოვლენაა საქართველოს სინამდვილეში. ისინი ეკონომიური გაჭირვების, დევნილობისა და მიგრაციის შედეგად გაჩნდნენ დიდ ქალაქებში: ეს ბავშვები გათენებიდან დაღამებამდე შრომობენ მტვირთავებად, მწვანილისა თუ სიგარეტის დამტარებლებად, გამყიდველებად. ისინი ფაქტიურად მოწყდნენ სკოლას, თამაშსა და გართობას, ბავშვურ გარემოსა და სათანადო განვითარებას.

დღის ცენტრი "ცისარტყელა" მიზნად ისახავს ამ ბავშვების დახმარებას, მათი შინაარსიანი
დასვენებისა და განვითარებისათვის საჭირო მიკრო გარემოს შექმნას.
დღეისათვის ცენტრში 13.00 საათიდან 19.00 საათამდე დახმარებას იღებს 50 მომუშავე და "რისკის ზღვარზე" მყოფი ბავშვი, რომელთა ასაკი 6-16 წელია.
ცენტრი 2004 წლიდან ფუნქციონირებს Save the Children/USAID-ის გრანტის ფარგლებში.

ბაზისური მომსახურეობა

ორგანიზაციის ექიმი ყოველ კვირას ატარებს ბავშვების, კვების ბლოკის, საერთოდ ცენტრის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას. ხდება ბავშვების გასინჯვა და იმ ბავშვების სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანა, რომლებსაც ესაჭიროებათ საგანგებო მკურნალობა; ექიმი ესაუბრება ბავშვებს ცხოვრების ჯანმრთელი წესის შესახებ.

განათლება

ცენტრის პედაგოგებთან ერთად ბავშვები ამზადებენ სკოლის გაკვეთილებს.

ბევრ მათგანს გამოტოვებული აქვს სწავლების ზოგიერთი საფეხური და აქვს მნიშვნელოვანი ჩამორჩენა. მათთან მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა.

სპორტი და გართობა

ცენტრი "ცისარტყელა" მდებარეობს ეზოში საცხოვრებელ კორპუსებს შორის, სადაც ბევრი ბავშვი იყრის თავს. ცენტრის აღსაზრდელები მათთან ერთად თამაშობენ, მართავენ პატარა სპორტულ შეჯიბრებებს. ასეთი შეჯიბრებები იმართება სადღეღამისო ცენტრის "ბეღურების" ბავშვებთანაც.

ხატვა

ბავშვები ცენტრში განსაკუთრებული მონდომებით ხატავენ. ფერადოვან და გამომსახველ ნახატებს, აგრეთვე სხვა ნამუშევრებსაც ყველგან ნახავთ ცენტრში - ოთახებში, დერეფნებში, კიბეებთან... აქ შესრულებული ნახატები გამოიფინა ხელოვნების მუზეუმში, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციის "გენეზისის" შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებულ გამოფენა-გაყიდვაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდა კიდეც (ამგვარ ღონისძიებებს აქვს სისტემატური ხასიათი).





სიმღერა

სიმღერის გაკვეთილებზე ბავშვები ხალხურ სიმღერებს სწავლობენ ხალხური საკრავის - ჩონგურის თანხლებით.

ეს უაღრესად ცოცხალი და შემოქმედებითი გაკვეთილებია.
ბავშვების ომახიანმა სიმღერამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ცენტრის პრეზენტაციაზე.
მოისმინეთ ცისარტყელას აღსაზრდელების სიმღერები და ნახეთ სიმღერების შესრულების ვიდეონაწყვეტები.


   
შენმა სურვილმა დამლია
და ვიდეონაწყვეტი

ანანური

შამასხდებიან ყორნები

აჭარული

ვაჟკაცო მთაში
გაზრდილო
   
საქართველო
და ვიდეონაწყვეტი

ცისარტყელების ჰიმნი

ცეკვა

ცენტრის შემოქმედებითი წრეების მუშაობაში წამყვანი ხალხური მიმართულებაა. ბავშვები სწავლობენ ქართულ ხალხურ ცეკვებს; ბოლო დროს კი მათ რეპერტუარში ბოშური რიტმებიც შემოიჭრა.

თეატრი

ბავშვები კერავენ, ქარგავენ, ქსოვენ; ქმნიან ნატიფ ნამუშევრებს ბისერით; ამზადებენ ბარათებსა და დეკორატიულ სუვენირებს, ჩანთებს, ფაჩუჩებს... ეს მშვიდი, თვითგამოვლენისაკენ მიმარტული საქმიანობა ამავე დროს უაღრესად სასარგებლოა პრაქტიკული თვალსაზრისით - მოზარდები ამ უნარ-ჩვევებს მომავალში გამოიყენებენ ოჯახში, შესაძლოა, მცირე ბიზნესის წამოწყებისათვისაც.
გაეცანით ჩვენი თოჯინების თეატრის ნორჩ მსახიობებს და
ნახეთ ნაწყვეტები სპექტაკლიდან "ჩექმებიანი კატა".


ხელგარჯილობა

გასაოცარ ნაკეთობებს ქმნიან ბავშვები ხელგარჯილობის გაკვეთილებზე - თიხის თოჯინებს, მარიონეტებს, აპლიკაციებს...

ფერად-ფერადი ჩუქურთმებიანი დეკორატიული ჩარჩოები კი ჩვეულებრივი მაკარონითაა მორთული! ბავშვები სწავლობენ გობელენის შექნის ხელოვნებას, რასაც პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს - ისინი პროფესიას ეუფლებიან

ღონისძიებები, ურთიერთობა სხვა ორგანიზაციებთან

ცენტრს მჭიდრო კონტაქტი აქვს "თბილისის მოზარდთა სახლთან". "ცისარტყელას" აღსაზრდელები მონაწილეობენ ამ სახლის თაოსნობით გამართულ დებატებში, მონაწილეობენ ჟურნალისტიკის, რეჟისურის, ტელე-ვიდეო წრეების მუშაობაში, ცალკეულ ღონისძიებებში.
ცენტრი მართავს ერთობლივ ღონისძიებებს (მუზეუმებისა და გამოფენების დათვალიერება, სპექტაკლებსა და კონცერტებზე დასწრება) არასამთავრობო ორგანიზაციასთან "კენჭები"; ეს მოზარდთა გაერთიანებაა, რომლის საქმიანობა ხელოვნებასთან, მის პოპულარიზაციასთანაა დაკავშირებული.

პროექტის "მზის კილომეტრები" ფარგლებში (რომელიც განხორციელდა სახ. უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფის მიერ) გაიმართა ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა თოჯინების თეატრში, სადაც "ცისარტყელას" 4 აღსაზრდელის ნამუშევარი დაჯილდოვდა.

თემქის სპეცსკოლასთან ერთად ცენტრმა გამართა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა დედის დღეს. ბავშვებმა გაიარეს World Vision-ის ტრეინინგი სახელწოდებით "ქუჩის ფილოსოფია". 2 ბავშვს მიენიჭა "ქუჩის ფილოსოფოსის" წოდება. ისინი ხვდებიან სხვადასხვა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, ესაუბრებიან მათ საერთო პრობლემებზე...

განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა 2005 წლის 1 ივნისს Save the Children-ის თაოსნობით თბილისის ვაკის პარკში ჩატარებულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დიდ ფესტივალში ჩვენი მონაწილეობა.

მოხალისეები

ამჟამად ცენტრში მოხალისედ მუშაობს ინგლისური ენის სპეციალისტი; იგი "მოზარდთა სახლიდან" დაუკავშირდა "ცისარტყელას", ინგლისური ენის გაკვეთილები ბავშვებს კვირაში ორჯერ უტარდებათ.

ფსიქოლოგიური დახმარება

ცენტრის ფსიქოლოგი ახორციელებს ფსიქო-დიაგნოსტიკას და ფსიქო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში; მიმართავს მუშაობისას კომუნიკაციური უნარ-ჩვევების და განმავითარებელ სავარჯიშოებს; ხდება ინტერესთა სფეროს დადგენა, საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება მშობლებთან ბავშვის კონკრეტული პრობლემის სიღრმისეულად გააზრებისათვის.

სოციალურ-იურიდიული დახმარება

რისკის ზღვარზე მყოფ, შეჭირვებულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ-ბლოკირებულია მათი შემეცნებითი უნარები, გაღარიბებულია ემოციური სფერო... მათ მუდმივი პროფესიული დახმარება სჭირდებათ. ცენტრის ფსიქოლოგი იკვლევს ცალკეული ბავშვების პრობლემებს, ქმნის ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, აწარმოებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას, ფსიქო-დიაგნოსტიკასა და ფსიქო-რეაბილიტაციას.