„ჯეჯილი“ - ახალგაზრდული ცენტრი ქ. ჭიათურაში

ახალგაზრდული ცენტრი რისკის ზღვარზე მყოფი ბავშვებისათვის დასავლეთ საქართველოს ყოფილ სამრეწველო რაიონში 2001 წელს გაიხსნა UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით. ჭიათურაში უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიური ფონია - მატერიალური სიდუხჭირე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა; ბევრია სიღატაკეში მცხოვრები ოჯახი, დაობლებული ბავშვი, მათი ჩართვა ჯანსაღ სოციალურ გარემოში, სასარგებლო საქმიანობაში ამ ბავშვების გადარჩენისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის წინაპირობაა. სწორედ ესაა ახალგაზრდული ცენტრის მიზანი.

არსებობის 5 წლის მანძილზე რეაბილიტაცია გაიარა 1200-მა ბავშვმა, მათგან ბევრი ფიზიკურად და სულიერად გადარჩა.
ამჟამად ცენტრი დახმარებას უწევს 150 ბავშვს, რომელთა ასაკია 6-17 წწ.

დღეისათვის ცენტრი მუშაობს Save the Children/USAID-ის პროექტის "ახალი ცხოვრების დასაწყისის" ფარგლებში და ამ გრანტის სახსრებით გარემონტებულ შენობაში.


ბაზისური მომსახურეობა

ცენტრი უზრუნველყოფს ბავშვებს აუცილებელი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ჰიგიენური საშუალებებით, აგრეთვე სამედიცინო დახმარებით. წელიწადში ერთხელ თბილისელ ექიმთა მრავალპროფილიანი ბრიგადა, რომელიც აღჭურვილია სათანადო აპარატურით, ატარებს ბავშვებისა და მათი ოჯახების წევრების კომპლექსურ სამედიცინო გამოკვლევას. ყოველდღიურ დახმარებას მათ ცენტრის ექიმი უწევს, გადაუდებელი მკურნალობა კი ბავშვებს თბილისში, ბავშვთა N2 საავადმყოფოში უტარდებათ.

ფორმალური განათლება

ყოველდღიურად პედაგოგებთან ერთად ბავშვები ამზადებენ სკოლის დავალებებს; განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სწავლაში ჩამორჩენის დაძლევას. ბავშვებს უტარდებათ ინგლისური ენის გაკვეთილები. ცენტრის აღსაზრდელები მონაწილეობენ სხვადასხვა ინტერაქტიულ ღონისძიებაში, აწყობენ კონკურსებსა და ვიქტორინებს. 30 აღსაზრდელი დღეს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია.

სპორტი და გართობა

ცენტრში ბავშვები დიდი ხალისითა და მონდომებით თამაშობენ ფეხბურთს, ფრენბურთს, კალათბურთს. ამისთვის მათ აქვთ სპორტული ინვენტარი და შესანისანავი ეზო. ბავშვები სწავლობენ ჭადრაკისა და შაშის თამაშს, ზაფხულში კი ცურავენ მდინარეში, დადიან ექსკურსიებსა და ლაშქრობებში.

კომპიუტერი

UNICEF-მა ახალგაზრდულ ცენტრს გადასცა 3 კომპიუტერი. 2 პედაგოგი კვირაში 6 დღის განმავლობაში უტარებს ბავშვებს პრაქტიკულ მეცადინეობებს. აღსაზრდელები დიდი მონდომებით ეუფლებიან კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.

ხატვა

ბავშვები ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან აქტიურად არიან ჩართული ხატვის წრის საქმიანობაში. ცენტრში დიდი ყურადღება ეთმობა მათი შემოქმედებითი უნარების გამოყენებასა და განვითარებას. აღსაზრდელთა ნამუშევრები ბავშვურ ოცნებებს, ხშირად კი მათ სევდიან ყოფას ასახავს... "ჯეჯილის" ბავშვების ნახატები წარმოდგენილი იყო გამოფენებზე თბილისსა და ქუთაისში.

თეატრი

დრამწრის საქმიანობა განსაკუთრებით ხალისიანია: ბავშვები დგამენ სკეტჩებს, თოჯინურ სპექტაკლებს, სადაც თავად "აცოცხლებენ" თოჯინებს... მათ ერთობლივ წარმოდგენებშიც მიიღეს მონაწილეობა ცენტრ "ბეღურების" აღსაზრდელებთან ერთად. ამგვარი საქმიანობა მრავალმხრივაა სასარგებლო-ბავშვები "პატარა მსახიობები" ხდებიან, ხვეწენ მეტყველებას, სწავლობენ მხატვრულ კითხვას და წარმატებებსაც აღწევენ.

სიმღერა და ცეკვა

სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილებზე ბავშვები ეუფლებიან ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, სწავლობენ ხალხურ საკრავებზე-ჩონგურსა და ფანდურზე აგრეთვე გიტარაზე დაკვრას. განსაკუთრებული მონაცემების მქონე ბავშვები მღერიან გუნდში. აღსაზრდელთა თხოვნით პროფესიონალი პედაგოგები მათ ლათინო-ამერიკულ და ბოშურ ცეკვებს ასწავლის. ცენტრის ორი აღსაზრდელი ამჟამად ქართული ხალხური სიმღერის საჩხერის ახალგაზრდული ანსამბლის წევრია.
ისიამოვნეთ ქ.თბილისში, ვაკის პარკის სცენაზე ჩატარებული კონცერტის ფრაგმენტებით. კონცერტი მიეძღვნა ბავშვთა საერთაშორისო დღეს და ჩატარდა 2005 წლის 1 ივნისს.

აჭარული-1

აჭარული-2

აჭარული-3

აჭარული-4

მთიულური-1

მთიულური-2

უკრაინული

სადაც ვშობილვარ

ქარქუჩით ჩამაიყვანეს

ძველ ხანჯალს

ხელგარჯილობა

ბავშვები კერავენ, ქარგავენ, ქსოვენ; ქმნიან ნატიფ ნამუშევრებს ბისერით; ამზადებენ ბარათებსა და დეკორატიულ სუვენირებს, ჩანთებს, ფაჩუჩებს... ეს მშვიდი, თვითგამოვლენისაკენ მიმარტული საქმიანობა ამავე დროს უაღრესად სასარგებლოა პრაქტიკული თვალსაზრისით - მოზარდები ამ უნარ-ჩვევებს მომავალში გამოიყენებენ ოჯახში, შესაძლოა, მცირე ბიზნესის წამოწყებისათვისაც.

ჟურნალისტიკა

ჟურნალისტიკის საფუძვლებს "ჯეჯილის" აღსაზრდელები სპეციალურ მეცადინეობებზე ეუფლებიან (კვირაში ორჯერ). მათ მიერ მომზადებული ტელე და რადიოგადაცემებს ხშირად უშვებენ ადგილობრივი ეთერით. ეს გადაცემები ეხება ბავშვთა უფლებებსა და მათ განხორციელებას, ცენტრის საქმიანობას, მომავალი ჟურნალისტები ამზადებენ საკუთარ კედლის გაზეთსაც.

მათ მოამზადეს რეპორტაჟი ქ.ჭიათურის კულტურის სახლში გამართული "ჯეჯილის" აღსაზრდელების გამოფენიდან და მათი მოცეკვავეებისა და მომღერლების კონცერტის შესახებ ქ.თბილისში.

პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება

ცენტრში მუშაობს ელექტროობის წრე, სადაც ბავშვები სწავლობენ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთაბას; ისინი წვრილმან სადურგლო სამუშაოებსაც ასრულებენ, სწავლობენ ხეზე ჭრას. წელიწადში 7-8 ბავშვი დადის ავტოსკოლაში და ეუფლება მძღოლის პროფესიას. სწავლების გადასახადს იხდის ცენტრი. 2 გოგონამ შეისწავლა სტილისტის პროფესია, ორიც მალე შეუერთდება მათ. უახლოს მომავალში უფროსი ასაკის ბავშვები ცენტრის დახმარებით დაეუფლებიან მკერავის, კაფელის დამგებისა და სანტექნიკოსის პროფესიებს.

ღონისძიებები

ცენტრში სისტემატურად ტარდება ინტელექტუალური ვიქტორინები, შემოქმედებითი წრეების კონკურსი-დათვალიერება, სადღესასწაულო ღონისძიებები-საახალწლო კონცერტი, დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო და სხვ. "ჯეჯილის" აღსაზრდელები მონაწილეობენ საქალაქო ღონისძიებებში, ერთობლივ სპექტაკლებსა (ცენტრ "ბეღურების" მიერ დადგმულ სპექაკლში) თუ გამოფენებში. ცენტრის ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი უკვე მთელ მხარეშია განთქმული.


განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა 2005 წლის 1 ივნისს Save the Children-ის თაოსნობით თბილისის ვაკის პარკში ჩატარებულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დიდ ფესტივალში ჩვენი მონაწილეობა.

დასვენება

ბავშვები ესწრებიან სპექტაკლებსა და კინოჩვენებებს, დადიან ექსკურსიებზე ქალაქგარეთ, ქუთაისსა და თბილისში.

ფსიქოლოგიური დახმარება

რისკის ზღვარზე მყოფ, შეჭირვებულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ-ბლოკირებულია მათი შემეცნებითი უნარები, გაღარიბებულია ემოციური სფერო... მათ მუდმივი პროფესიული დახმარება სჭირდებათ. ცენტრის ფსიქოლოგი იკვლევს ცალკეული ბავშვების პრობლემებს, ქმნის ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, აწარმოებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას, ფსიქო-დიაგნოსტიკასა და ფსიქო-რეაბილიტაციას.

სოციალურ იურიდიული მომსახურეობა

"ჯეჯილში" დასაქმდა 5 მშობელი. ამავე დროს მშობლების ნაწილმა შეისწავლა კერვა და ქარგვა და ახლა ისინი საკუთარ ნამუშევრებს ყიდიან. ცენტრში ამოქმედდა "დედათა კლუბი".
"ჯეჯილის" აღსაზრდელების, აგრეთვე მათი ოჯახების სოციალურ-იურიდიულ საკითხებს აგვარებს ორგანიზაციის ოჯახებთან ურთიერთობისა და სოციალური სამსახური.