„საპოვნელა“ - სარეაბილიტაციო დღის ცენტრი 
                               ქუჩის ბავშვებისათვის ქ. რუსთავში

რუსთავი, წარსულში ცნობილი ინდუსტრიული ცენტრი, დღეს უმუშევართა ქალაქია. მუშათა ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაშია. ასეთი ოჯახებიდან გამოსული ბავშვები ქუჩაში შემთხვევითი შემოსავლით, მათხოვრობით, ზოგჯერ კი წვრილმანი ქურდობით ირჩენენ თავს.

2006 წლის
მაისიდან
ქალაქში
მომუშავე მობილური ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა სარეაბილიტაციო ცენტრი "საპოვნელა" ქუჩისა და რისკის ზღვარზე მყოფი ბავშვებისათვის. ყოველდღიურად ცენტრი დახმარებას უწევს 30 ბავშვს. მისი საქმიანობა მიმართულია ამ ბავშვების სოციალური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისაკენ.
ცენტრი ფუნქციონირებს Save the Children/USAID-ის პროექტის "ახალი ცხოვრების დასაწყისის" ფარგლებში.

ბაზისური მომსახურეობა

დღის ცენტრის აღსაზრდელებს უფასოდ ემსახურება ადგილობრივი აბანო და ერთ-ერთი საპარიკმახერო; ასევე მათთვის მისაწვდომია სტომატოლოგის მომსახურებაც, რომელიც ბავშვებს მკურნალობს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
თბილისის #2 ბავშვთა საავადმყოფოში ბავშვებს საჭიროების შემთხვევაში უტარდებათ გადაუდებელი მკურნალობა. ერთ-ერთ ბავშვს რთული ოპერაციაც გაუკეთდა.

საგანმანათლებლო საქმიანობა

ცენტრში განრიგის მიხედვით ტარდება მეცადინეობები სასკოლო საგნებში მათთვის, ვინც დადის სკოლაში. 3 ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელები პედაგოგებთან ერთად ამზადებენ დავალებებს, ცდილობენ დაძლიონ ჩამორჩენა და უწიგნურობა. დღის ცენტრშიც და მობილური ჯგუფის საქმიანობაშიც ბავშვთა ჩართვა სასკოლო პროცესში უპირველესი ამოცანაა, მათ შორის იმ ბავშვებისაც, რომლებიც მათხოვრობენ.
ცენტრში სპეციალური ენციკლოპედიური ხასიათისა სახელმძღვანელოებისა და პროგრამების მიხედვით იმართება ვიქტორინები, საუბრები და დისკუსიები, ინტერაქტიული ღონისძიებები. პედაგოგები იმ ბავშვებს, რომლებიც არ დადიან სკოლაში, ასწავლიან წერა-კითხვას და ელემენტარულ ანგარიშს, ამზადებენ მათ სასკოლო სწავლების პროცესში ჩართვისათვის.

სპორტი

ცენტრის ეზოში იმართება სპორტული თამაშები და შეჯიბრებები. ეს ენერგიული, მოუსვენარი და დამოუკიდებელი ბავშვები დიდი ხალისით თამაშობენ ფეხბურთს, ბადმინტონს...
ქუჩის ბავშვების შეკრების ადგილას ეს თამაშები განსაკუთრებით აქტუალურია. ისინი ფსიქოლოგთან, პედაგოგთან და თანაშემწესთან ერთად, რომელიც ყოფილი ქუჩის ბავშვია, ძირითადად ამგვარი საქმიანობით არიან დაკავებული. მათ გარშემო მუდმივად ჟრიამულის ხმა ისმის.

ხატვა

"საპოვნელას" აღსაზრდელები და მობილური ჯგუფის ბავშვები ხატავენ და ძერწავენ, ქმნიან თავის პირველ ნამუშევრებს, სწავლობენ სამყაროს ფერადოვნების აღქმას. ასეთი საქმიანობა ხელს უწყობს მოტორიკის, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

ხელგარჯილობა

მოხალისე პედაგოგი ცენტრში ბავშვებს ბისერით ქარგვას ასწავლის. ეს ნატიფი ნამუშევრები პედაგოგისა და ბავშვების დაუღალავ შრომაზე, პატარა შემოქმედთა ფანტაზიაზე და სილამაზისაკენ სწრაფვაზე მოგვითხრობს.

ღონისძიებები

ცენტრის აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს საახალწლო ზეიმში, რომელიც გაიმართა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ისინი ესწრებოდნენ ორგანიზაციის ბაზაზე არსებული სადღეღამისო ცენტრის "ბეღურების" სპექტაკლებს.

განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა 2005 წლის 1 ივნისს Save the Children-ის თაოსნობით თბილისის ვაკის პარკში ჩატარებულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დიდ ფესტივალში ჩვენი მონაწილეობა.

მოხალისეები/ურთიერთობა სხვა ორგანიზაციებთან

რუსთავის მერია ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მონაწილე მხარეა; მან მიკროავტობუსი გამოუყო "საპოვნელას" ცენტრის აღსაზრდელებს, საახალწლო ღონისძიებებს ასევე მერიის მიერ მოწოდებული ბილეთებით ესწრებოდნენ. ბავშვების ბედით ქალაქის სკოლებიც არიან დაინტერესებული; ისინი აგროვებენ ტანსაცმელს და გადასცემენ ბავშვებს; ცენტრი ქალაქის სხვა დაწესებულებებთანაც თანამშრომლობს - აბანო, საპარიკმახერო, სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც პატარებს უსასყიდლოდ უწევენ დახმარებას.

ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

ცენტრის ფსიქოლოგიური სამსახური ახორციელებს ბავშვთა ფსიქოდიაგნოსტიკას, ინტერვენციასა და კორექციას. ფსიქოლოგები აქტიურად მუშაობენ მობილური ჯგუფის შემადგენლობაშიც ბავშვთა ლოკალიზაციის ადგილებში. მათი მეთვაყურეობითა და დახმარებით მიმდინარეობს ქუჩისა და რისკის ზღვარზე მყოფი ბავშვების ინტეგრაცია სკოლაში.
ტოქსიკომანიასთან, ამ დამანგრეველ და უაღრესად საშიშ სენთან ბრძოლა ცენტრის ფსიქოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა, თუმცა პრობლემას ღრმა ფესვები აქვს და მთელი საზოგადოებისა და სპეციალური უწყებების კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.

სოციალურ-იურიდიული მომსახურეობა

ცენტრის ინდივიდუალური შეფასების მენეჯერი იკვლევს ყოველი ბავშვის ცხოვრებისეულ-ოჯახურ, სოციალურ და სხვა გარემოებებს, ეხმარება ოჯახებს იურიდიული საკითხების მოგვარებაში, დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, სკოლებთან ურთიერთობაში და სხვა.